“პუტინის გუშინდელი გამოსვლა, ეს იყო  დემაგოგიის, ცინიზმის, სიცრუის ერთგვარი ნაზავი; არაფერი კონკრეტული, არაფერი ახალი“ – ჯემალ გამახარია   

„პუტინის გუშინდელ გამოსვლამდე  როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ასევე, რუსეთში ჩვენი  ოკუპირებული რეგიონების,  აფხაზეთისა და ცხინვალის,  მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ ცხარე დებატები იყო“  – აცხადებს ჯემალ გამახარია.

აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ეს დისკუსია კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ  რამდენად სწორია  ის პოლიტიკა,  რომელსაც საქართველოს მთავრობა  ამ ძალიან რთულ ვითარებაში ახორციელებს.

„დიდი უმრავლესობა წერდა და ლაპარაკობდა იმაზე,  რომ პუტინი  ამ რეგიონების რუსეთთან მიერთებას გამოაცხადებდა, რაც ერთგვარი კომპენსაცია იქნებოდა  იმ წარუმატებლობისა, რომელსაც ის უკრაინაში განიცდის. ამ საკითხზე ფართო დისკუსია მიმდინარეობდა. როგორც ყოველთვის აფხაზები აცხადებდნენ, რომ ისინი რუსეთთან გაერთიანებას, რუსეთთან მიერთებას არ აპირებენ, თუმცა,  რუსეთი მათი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი, მფარველი, მათი.ე.წ დამოუკიდებლობის გარანტიაა.  რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს –  მათი პოზიცია ჩვენთვის კარგადაა ცნობილი.

რუსეთში ექსპერტების,  დუმის წევრების ნაწილი პირდაპირ ამბობდა, რომ რუსეთმა ეს ტერიტორია უნდა მიიერთოს, ნაწილი  კი  აცხადებდა,  რომ ეს   ამ ეტაპზე სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა, რადგან  უკრაინაში ომი მიმდინარეობს   და საქართველოს   რუსეთთან მიმართებით ფრთხილი  პოზიცია უკავია. პირდაპირ იყო განცხადებები,  რომ თუ საქართველო უკრაინის ომთან დაკავშირებით უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს, ან საომარ მოქმედებებში უშუალოდ ჩაერთვება, მაშინ  რუსეთს არაფერი შეუშლის   ხელს,  ამ ტერიტორიის მიერთება  გამოაცხადოს.  თავად ეს ფაქტიც,   ეს დისკუსია კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ  რამდენად სწორია  ის პოლიტიკა,  რომელსაც საქართველოს მთავრობა  ამ ძალიან რთულ ვითარებაში ახორციელებს“ – აცხადებს გამახარია.

მისივე შეფასებით, რუსეთი აფხაზეთის მიერთებას რომ გეგმავს ეს ცხადია.

„რუსეთი რომ აფხაზეთის მიერთებისთვის ემზადება,    ეს  ცალსახაა, ამას რუსეთში არავინ მალავს.   ე.წ. აღიარება  აფხაზეთის ანექსიის საშუალებაა.  მცოცავი ანექსიის პოლიტიკის გააქტიურების გზით, ნაბიჯ-ნაბიჯ,  აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა მოექცეს – ეს რუსეთის გაცხადებული მიზანია. ამბობენ,  ძალაში რჩება ჩვენი აღიარებაო, მაგრამ პოლიტიკა,  რასაც აწარმოებენ,   მცოცავი ანექსიის პოლიტიკაა. იმ ოფიციალური პირების მიერ, რომლებიც ჩვეულებრივ  უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკას აჟღერებენ,  ღიადაა გაცხადებული,  რომ აფხაზეთი დღეს თუ არა, ხვალ რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდება.  ეს მოხდება არა ძალისმიერი გზით, არამედ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის თანდათანობითი გააქტიურებით.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს – ისინი იქით იხვეწებიან,  რომ როგორმე რუსეთს მიუერთონ. რუსეთი, ჯერჯერობით, ამაზე არ მიდის.  ამაზე რომ არ მიდის, ეს ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დამსახურებაა. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე ისაა, რომ ოკუპირებული რეგიონები  ანექსიისგან, რუსეთთან მიერთებისგან გადავარჩინოთ. რუსეთთან მიერთების შემდეგ ამ ტერიტორიების დაბრუნება ბევრად უფრო გაძნელდება.  საქართველოს მთავრობის პოლიტიკას,   რომელიც   ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, თუნდაც რუსეთის მიმართ,  ტარდება, მხოლოდ უნდა მივესალმოთ.  ესაა ერთადერთო პოლიტიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს  ითვალისწინებს“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მსგავსი თემები