„არასრულწლოვნების 93%, რომლებიც ტურისტებს ძარცვავენ საქართველოს მოქალაქეები არ არიან“  – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა  ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად და პრობლემად არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული დაასახელა. როგორც მინისტრმა პარლამენტში აღნიშნა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასრულწლოვნების მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე თავდამსხმელი არასრულწლოვნების 93% საქართველოს მოქალაქე არ არის.

„არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული ნამდვილად პრობლემაა. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. არაერთი ფაქტი მოხდა ზაფხულში, საკურორტო სეზონის დროს, ბათუმშიც იყო რამდენიმე ფაქტი უცხოეთის მოქალაქეების საფულეს გატაცება, ასევე, თავდასხმა ბავშვების. არასრულწლოვნები არიან დაახლოებით 7-8 წლიდან 12 წლამდე. 93% ჩვენი მოქალაქე არ არის. ხშირად პრობლემაა საზღვარზეც. ესენი გადმოდიან ე.წ. მწვანე საზღვარზე, არა გამშვები პუნქტით. ხდება მათი დაკავება. თუმცა, არც პასპორტი აქვთ, არც სახელი და გვარია ცნობილი“ -აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მათ უკან ვერ უშვებენ და გადაჰყავთ  მიგრაციის სამსახურში.

„იქიდან გამომდინარე, რომ პატარები არიან წლოვანებით, დიდხანს ვერ ვაჩერებთ. ვიწყებთ მოკვლევას, უმეტეს შემთხვევაში, არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გადმოსული. ხშირად უკან ვაბრუნებთ და ისევ დრო რომ გადის, უკან ბრუნდებიან, იქიდან გამომდინარე, რომ აქ თავისუფლად აკეთებენ იმ ას, რასაც აკეთებენ: ეს არის ფულის თხოვნა თუ სხვადასხვა დანაშაული.

ეს გამოწვევაა და ნამდვილი პრობლემაა. ერთი მეორეს უყოფს თანხას, იყო შემთხვევები, როდესაც ქალაქში მანქანებს უდგებიან, არ იწევიან და იქმნება საცობი. ამის გამო, ბევრი უკმაყოფილება წამოვიდა მოქალაქეების მხრიდან. თუმცა, იგივე უკმაყოფილება წამოვიდა, როცა პატრული, პოლიცია მანქანაში სვამდა, გამოსწიეს ეს ბავშვები, აგრესიული არიან, სამწუხაროდ, გადაიღეს მობილურებით და სოციალურ ქსელებში იყო ატვირთული, რომ „ხედავ, პოლიცია რას უშვრება ბავშვებს. აი, რა ხდება“. ამ ორ ცეცხლს შუა ვართ. სიმართლე რომ გითხრათ, სერიოზული პრობლემაა ნამდვილად, გეთანხმებით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.

 

მსგავსი თემები