„ამბობენ, რომ უბედურება ხდება, ყველა მარიხუანას იყენებს“ – შს მინისტრი  

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფმა მინისტრმა ქვეყანაში „მარიხუანას“ მოხმარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებიდან საკმაოდ ბევრი შეტყობინება შემოდის.

მინისტრს ამ საკითხზე კითხვა „გირჩის“ წარმომადგენელმა – იაგო ხვიჩიამ მიმართა: „მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანს მართვის მოწმობას ართმევენ, ან დიდი რაოდენობით ჯარიმა აქვთ. ხალხი ამ პრობლემას ლეგალური მცენარის მოყვანის გამო აწყდება. პოლიციამ ასეთი პრინციპი რომ გამოიყენოს – „არ მაჩვენო და არ ვნახავ“.

მინისტრმა ხვიჩიას ასე უპასუხა: „ამ მიმართულებით გვინდა, თუ არა გვინდა, არის პრობლემა, თუმცა ამას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის კანონი, ასევე ვალდებულებებია გაეროს კონვენციით და ა.შ. მეორეს მხრივ, რომ შევხედოთ ძალიან ხშირია მეზობლისგან შემოსული ზარები: „მიხედეთ! ნახეთ რეები აქვთ! მთელი დღე იყენებენ მარიხუანას!“ ეს ხშირად ხდება. ჩვენ რეაგირების გარეშე ამას ვერ დავტოვებთ.

როდესაც 112 შემოდის შეტყობინება – „მოდით, ნახეთ რა ხდება,“ მივდივართ და იძულებულები ვართ, ეს გავაკეთოთ. ის, რომ პოლიციამ გაიაროს და რეაგირება არ მოახდინოს , მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს. პოლიციას ვერ დავავალებ, რომ დაინახავ ერთი ძირი მარიხუანა რომ აქვს ადამიანს, გაიარეთ და ხმა არ გასცეთ. ბევრი უკმაყოფილება მოდის მოსახლეობისგან, მით უმეტეს რეგიონებიდან.

ძალიან ხშირია ოჯახის წევრებისგან შემოსული ზარები. არის ეს პრობლემა მოსახლეობაში, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვერ ვუზამთ. როცა შეტყობინება შემოდის, ხომ ვერ ვეტყვით, ერთი ძირი აქვთ და რა მოხდა? პოლიციელს ვერ დავავალებ, ხედავ და რეაგირება არ მოახდინო ცოტა რთულია. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, თქვენც რომ მინისტრი იყოთ, ალბათ, თქვენც ვერ გააკეთებდით. მესმის, თქვენ, რასაც იძახით, მაგრამ, მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა გომელაურმა.

 

მსგავსი თემები