„ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს“ – ხატია დეკანოძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ბოიკოტის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.  მისი შეფასებით, ერთ-ერთი მნიშნველოვანი საკითხი, რაშიც ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა  მიიღოს, სწორედ ანტიდასავლური პროექტის განხილვებია.

„ჩემი პოზიცია იყო და ეს პოზიცია დავაფიქსირე შეხვედრაზე, რომ მათ შორის, ამ ყველაზე ანტიდასავლური კანონპროექტის განხილვებს, მათ შორის, საკომიტეტოს და სასესიოს უნდა დაესწროს ფრაქცია. დღეს ფრაქციის სხდომას ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა, მაგრამ მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას – პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ ეტაპზე“ – განაცხადა დეკანოიძემ პარლამენტში.

რაც შეეხება „ხალხის ძალის” მიერ ალტერნატიული პროექტის დარეგისტრირების საკითხს, დეკანოიძის შეფასებით, მათი ინიციატივა იქნება ის, რაც ეწინააღმდეგება დასავლურ სულისკვეთებას.

“ივანიშვილის დეპუტაციას და “ქართული ოცნების” განშტოებას, ადამიანებს, რომლებიც რუსული გავლენის გაძლიერებას ემსახურებიან, არავითარი ამერიკული პროექტის დაინიცირება და დაანონსება არ შეუძლიათ. ეს იქნება ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მნიშვნელოვან სულისკვეთებას. მე მაქვს უარყოფითი პოზიცია იმ პროკრემლისტურ ძალაზე, რომელიც რაიმე აგენტების სიას აანონსებს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები