ლუკაშენკოსთვის გაუგებარია, საქართველო მისი აფხაზეთის წარმომადგენლებთან შეხვედრას რატომ განიცდის

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის „ლიდერთან“, ასლან ბჟანიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციებზე ცინიკურად საუბრობს. როგორც ლუკაშენკო აცხადებს,  მისთვის გაუგებარია, რა ანერვიულებს ქართულ მხარეს.

„არ მტოვებს აზრი, რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ აფხაზეთის წარმომადგენლებთან ჩვენს შეხვედრებზე“ – აცხადებს ლუკაშენკო.

მისი თქმით, ის ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„არ შეიძლება, იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობა ადამიანებს შორის, ხალხებს შორის? შესაძლოა, ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობასა და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. მე და თქვენ ხომ არასდროს ვგეგმავდით თბილისის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას. ვაკვირდები მდგომარეობას, რომელიც საქართველოში ვითარდება. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რატომღაც, არც ისე საამაყოდ გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი იყო. მიაღწიო იმ დონეს, როგორიც ახლა ვითარდება, უბრალოდ საამაყო არ არის. ჩვენ შევინარჩუნეთ და ვინარჩუნებთ შეძლებისდაგვარად ძალიან კარგ ურთიერთობას თბილისთან. რატომ რეაგირებენ ასე მკვეთრად. ვფიქრობ, დამეხმარებით ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში“, – აღნიშნა ლუკაშენკომ ბჟანიასთან შეხვედრაზე.

 

მსგავსი თემები