საფრანგეთი და გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს გამოყოფენ – პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ანგარიშით გამოსვლისას, უცხოეთში განხორციელებული პირველი ვიზიტები შეაფასა და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შედეგებზეც ისაუბრა.

​მისი თქმით, საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების გამოყოფას, რამაც უნდა შეამციროს არალეგალური მიგრაცია და იმავდროულად, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს პროფესიული განათლების მიღებაში.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საფრანგეთში პრეზიდენტის რანგში  ვიზიტმა, მას საშუალება მისცა, მთელი ქვეყნის სახელით გადაეხადა მადლობა  საფრანგეთისთვის იმისთვის, რომ 1921 წლის შემდეგ შეიფარა საქართველოს პოლიტიკური ემიგრაცია, ხელი შეუწყო საგანძურის დაბრუნებას, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცეცხლის შეწყვეტის პროცესში საქართველოს დახმარება აღმოუჩინა.

“მეტად სიმბოლურია პრეზიდენტების ხელმოწერით დიმიტრი ამილახვრის დიალოგის დაფუძნება, რომლის ფარგლებშიც საქართველო და საფრანგეთი თანხმდებიან, გააძლიერონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთი, ამერიკასთან ერთად, გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და არის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მომწოდებელი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველომ მიიღო შემოთავაზება, რომ უმასპინძლოს პარიზის 2020 წლის წიგნის ბაზრობას.

პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს რაც შეეხება, როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ეს ქვეყანა ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს პოლიტიკის, ეკონომიკისა თუ კულტურის სფეროებში. კანცლერმა ანგელა მერკელმა სრული მზადყოფნა გამოხატა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და ქართული კულტურის გერმანიაში პოპულარიზაციის მხარდასაჭერად.

​მისივე ინფორმაციით, გერმანული კომპანიები დაინტერესებულები არიან  საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებით. 

“უნდა აღინიშნოს იუნესკო-ში ჩატარებული შედეგიანი შეხვედრა. დადებითად შეფასდა საქართველოში იუნესკო-ს რეგიონალური ცენტრის დაარსების იდეა, რომლის განხორციელება საქართველოს რეგიონში გეოპოლიტიკურ როლზე აისახება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები