მმართველი გუნდი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის – მამუკა მდინარაძის განაცხადებით, მმართველი გუნდი „ხალხია ძალის“ ინიციატივას, რომელიც უცხოურ გავლენების შესახებ კანონპროექტს ეხება, მხარს დაუჭერენ.

„თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება. ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა. თუ ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, ამას ვერ შეძლებს, რადგან არც ერთი შეზღუდვა არ ჩაუწერია „ხალხის ძალას“ კანონპროექტში. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, აშშ-ში სხვა.

ორივე შემთხვევაში, საერთო შეიძლება იყოს ის, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ა.შ. კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ დარეგისტრირების ვალდებულებას ათი დღის განმავლობაში, თუ რომელიმე ორგანიზაციის  და არა კერძო პირის, უცხოური დაფინანსება გასცდება 20 პროცენტს, 10 დღეს აქვს ასეთ ორგანიზაციას, რომ რეესტრში დარეგისტრირდეს. შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უნდა წარადგინოს დეკლარაცია. სხვა რამეს ეს არ ითვალისწინებს. შეუძლებელია, მოიტანო არგუმენტი, რატომ შეიძლება, ამ პრინციპზე უარი უთხრა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ხალხის ძალამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით,“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალების“ მიერ ფინანსდება.

 

მსგავსი თემები