ხორავას ქუჩის ტრაგედია ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილის შედეგია – პრეზიდენტი

​პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, უმძიმესი ტრაგედია, რომელიც თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 2017 წელს მოხდა, წლების განმავლობაში ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია.

​როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება და პირველ რიგში, ახალგაზრდები კი პოლიტიკოსებისგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა არის ერთადერთი პასუხი ამ მოლოდინზე.

“მე გამოვედი ასეთი ინიციატივით, რამაც გამოიწვია ორმაგი დამოკიდებულება და შიში იმისა, რომ იგი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. მეორე მხრივ კი, ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციების სახით ემუქრება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ფორმით, არჩევნებში ჩარევა ან დესტაბილიზაციის პროვოცირება მტრული ძალებისთვის ბრძოლის ახალი ხერხია.

“ამას ეხმიანება ეუთო-ს მიერ გაცემული რეკომენდაციები და პასუხობს ევროკავშირში „დემოკრატიის დაცვის ცენტრის“ დაფუძნების ახალი იდეა და ახალი რეგულაციები რიგ ქვეყნებში, მათ შორის, ინგლისის სამეფო კარის განცხადება. ჩემს ინიციატივას უკვე მოჰყვა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და ეს პროცესი გაგრძელდება. ვიმედოვნებ, შევძლებთ ერთობლივი რეკომენდაციების წარდგენას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს. საზოგადოებას სჭირდება დამშვიდება და შერიგება, რაც საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებული პროცესების ცივილურ ჩარჩოებში მოქცევის გარეშე შეუძლებელია.

“დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ. როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ეს საზოგადოებას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს. დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე, ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები