,,არ გვაქვს უფლება დავნებდეთ! არ გვაქვს უფლება არ გავიმარჯვოთ”- ლევან ხაბეიშვილი

,,ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის პირდაპირ ყიდვას ცდილობს! პირდაპირ რუსეთის უკანა ეზოდ გადააქცია ეს ქვეყანა და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავნებდეთ!,”-  ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

მისი თქმით,  ”არაფრის მეშინია თქვენთან ერთად. არაფერზე დავიხევ უკან თქვენთან ერთად. არაფრის კომპლექსი არ მაქვს თქვენთან ერთად და ვიბრძოლებ”.

„ქართველ ხალხს რუსი პროპაგანდისტების მეშვეობით, სამთავრობო მედიის მეშვეობით ეუბნებიან, რომ თურმე, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს თუ ციხეში მოკლავენ, ეს თურმე არაფერს ნიშნავს, რომ თურმე ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ფეხებზე უნდა დავიკიდოთ. ეუბნებიან, რომ ამით ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება. ჩემო ძვირფასებო, შეიცვლება მთავარი – ჩვენ ათწლეულები უარს გვეტყვიან ევროპულ ოჯახზე, იმ ოჯახზე, რომელიც ჩვენმა წინაპარმა სისხლით, ბრძოლით და მოქმედებით მოიტანა.

ჩემო ძვირფასებო, ევროკავშირში შესვლა და სტატუსი ნიშნავს მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე აღარ გაიქცევა ემიგრაციაში, რომ თქვენი ოჯახის წევრები, თქვენ, ვინც ამ ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობთ, აღარ იფიქრებთ ამაზე. აქ გექნებათ ღირსეული ხელფასი, შემოსავალი, ღირსეული სიბერე და პენსია, განათლება, თავისუფლება, დემოკრატია და ამას გვეუბნება ევროკავშირი, რომ აქ კი ნუ მორბიხართ სამუშაოდ კაპიკებზე, გროშებზე, რომ მერე იქით თქვენი ოჯახები გამოკვებოთ, მანდ იყავით, თქვენი ქვეყანა ააშენეთ, მანდ იყოს ეკონომიკური დოვლათი, მანდ იყავით ძლიერები, მანდ იყავით ქართველები.

ბიძინა ივანიშვილი რას გვთავაზობს, რას გვეუბნება და რას პროპაგანდირებს? რომ საქართველო ქართველების გარეშე, რომ თურმე ქართველები უნდა წავიდნენ და რუსები, ოკუპანტები ჩამოასახლოს, რომლებიც არც კი ვიცით რა საქმეზე არიან ამ ქვეყანაში, რა უნდათ ამ ქვეყნისგან. 110 ათასზე მეტმა ოკუპანტმა გახსნა საბანკო ანგარიშები საქართველოში, ოკუპანტებს პირდაპირ ჩვენი ადგილის დაკავება უნდათ. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის პირდაპირ ყიდვას ცდილობს. პირდაპირ უკანა ეზოდ გადააქცია ეს ქვეყანა და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავნებდეთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვიმოქმედოთ, არ გვაქვს უფლება უბრძოლველად ჩავაბაროთ ეს ქვეყანა და მეტიც, არ გვაქვს უფლება არ გავიმარჯვოთ!,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები