,,ყალბი აჟიოტაჟია შექმნილი, ვითარება ისეა წარმოჩენილი, თითქოს ქვეყნიდან ტოტალური მიგრაციაა”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნიდან მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებით ყალბი აჟიოტაჟია შექმნილი. მისივე თქმით, ისეა წარმოჩენილი ვითარება, თითქოს ტოტალური მიგრაციაა ქვეყნიდან.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ფაქტებით ჩანს, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

„ყალბი აჟიოტაჟია შექმნილი. ისეა წარმოჩენილი ვითარება, თითქოს ტოტალური მიგრაციაა ქვეყნიდან და სწორად ამას ეხებოდა პოსტი, რომელიც გამოვაქვეყნე. რეალურად, ფაქტებით ჩანს, რომ აჟიოტაჟის არავითარი საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, დემოგრაფია, მიგრაცია არის საკითხი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და ბუნებრივია, იდეალური სურათი არ გვაქვს, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ აჟიოტაჟი აბსოლუტურად ყალბია, რაც კონკრეტული მონაცემებით დასტურდება. ჩემს პოსტში წარმოდგენილი იყო შესაბამისი მონაცემები, კერძოდ, საუბარია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ცხრა წლის მანძილზე მთლიანობაში, 221 000 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე უკან შემოვიდა. იყო ძალიან მძიმე მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით. რომ ავიღოთ ჩვენი პერიოდი 2013-2021 წლის ჩათვლით, რა მონაცემებიც დევს იგივე საქსტატის საიტზე, მთლიანობაში ეს მაჩვენებელი იყო 52 000. ანუ ერთ მხარეს არის 221 000, მეორე მხარეს – 52 000, რაც ნიშნავს, რომ მიგრაციის კუთხით 4.3-ჯერ გაუმჯობესებულია მაჩვენებელი. ანუ ოთხჯერ უკეთესი და კიდევ უფრო უკეთესი, გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვაქვს მიგრაციის კუთხით – ოთხჯერ ნაკლები ადამიანია ისეთი, ვინც გავიდა ქვეყნიდან, მაგრამ უკან არ შემოვიდა. ეს არის ციფრები, მონაცემები, რაც უტყუარია და არსებითად ეფუძნება საზღვრის კვეთის მონაცემებს. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია წაახალისებს მიგრაციის ზრდას, რადგან უფრო ადვილად გადიან ადამიანები ევროპაში. მიუხედავად ვიზალიბერალიზაციისა, ეს მაჩვენებელი არსებითად არ გაუარესებულა, იყო მცირე ზრდა მიგრაციაში, მაგრამ ჩვენ 2018 წლიდან მოყოლებული ვინარჩუნებთ სათანადო მაჩვენებელს და მთლიანობაში, 29 000 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა, რაც იდეალური არ არის, მაგრამ ბევრად უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, 2018-21 წლებში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა”- ირაკლი კობახიძე

 

მსგავსი თემები