2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 16 პროცენტამდე შემცირდა – ”საქსტატი”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.1 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 42.9 ათასი კაცით (5.1%) და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18.0 ათასით გაიზარდა (4.5%) და 420.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 42.3 ათასით (14.5%) და 249.5 ათასი შეადგინა.

,,უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.8 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.7 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით. 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.9 და 2.5 პროცენტული პუნქტით“, – ნათქვამია ”საქსტატის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები