,,რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, 2018-21 წლებში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის,  ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, საქართველოს 2018-2021 წლებში არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

როგორც კობახიძე წერს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს.

,,ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა).

რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა (https://ukvisa.blog/2019/08/01/usa-visa-refusal-rate/). რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ს მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს”, – წერს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი თემები