“სწორად ვაფასებ ეკა ბესელიას ნაბიჯს, ის იძულებული გახდა წასულიყო” – სოსო ჯაჭვლიანი

პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანი, ყოფილი თანაგუნდელის, დეპუტატ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას იწონებს და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებაში” წმენდაა ჩასატარებელი. 

“წმენდა აუცილებლად ჩასატარებელია. ​ეკა ბესელია, როცა იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ხომ უნდა შემოსულიყო მასთან იმ მოსამართლეების სია და განხილულიყო მათი კანდიდატურები. რა მორალში ჯდება იმ მოსამართლეების საკითხის განხილვა, რომლებმაც ეკა ბესელია და უამრავი ადამიანი ამ მდგომარეობაში ჩააყენეს. მე სწორად ვაფასებ ბესელიას ნაბიჯს რომ გადადგა. ის ვითარების გამო გახდა იძულებული წასულიყო მმართველი გუნდიდან”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.  

კითხვაზე, თუ თავად სოსო ჯაჭვლიანი სად მოიაზრებს საკუთარ თავს, ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ ის ერთი რიგითი ჯარისკაცია, მაგრამ გამორიცხულია ვინმეს დაემონოს, ამიტომ მიაჩნია, რომ მისი ადგილი ხალხშია.  

“როცა 2016 წლის არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” საარჩევნო სია შედგა, მე იქ ისეთი გვარები და სახელი ამოვიკითხე, რომლებიც პირადად მე არაფერს მეუბნებოდნენ. ჩვენ ხომ გვინდა მორალურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა, მაშინ მოსამართლეებად ავტორიტეტული ადამიანები უნდა გვყავდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეებთან დაკავშირებით, თავის დროზე  გარკვევით თქვა, რომ კითხვები თუ არსებობს, ისინი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. სვანეთში მედიატორის ინსტიტუტი დღემდე შემორჩენილია, რომელიც  დაპირისპირებულ ადამიანებს შორის მომრიგებლის ფუნქციას ასრულებს. ამ ადამიანებმა ერთი არასწორი ნაბიჯი რომ გადადგან, არავინ აღარაფერს დაუჯერებს მათ და მათი ავტორიტეტი დაეცემა”, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

მსგავსი თემები