„ამ ცხოვრების მთავარი აზრი ქმედით სიყვარულშია“ – მიტროპოლიტი შიო

„მთავარი აზრი ამ ცხოვრების არის სიყვარულში, თანაც ქმედით სიყვარულში და არა მხოლოდ ემოციურ სიყვარულში, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ თავი დავდოთ მისთვის“ – აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას.

მიტროპოლიტის თქმით, მთავარია დავფიქრდეთ, რას ვთესავთ ცხოვრებაში.

„ვეცადოთ აი ამ ამაოების მორევიდან გამოვიდეთ, თავი დავაღწიოთ, რომ დავფიქრდეთ მთავარზე ამ ცხოვრებაში. ჩვენს სულზე, ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ამ ცხოვრებაში, რა უნდა მოვიმკათ ჩვენ. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ხორციელის კვირას, როდესაც არის ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ჩვენ ყველანი ვაღიარებთ სარწმუნოების სიმბოლოში, რომ გვწამს უფალი ღმერთი იესო ქრისტე, რომელიც კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ და აი დღეს წაკითხული სახარება გადმოსცემს საშინელი სამსჯავროს სურათს, გვიხატავს აი ამ სურათს ალეგორიულად, იგავური ფორმით.

რატომ ეწოდება საშინელი ამ სამსჯავროს? რა არის მასში საშინელი? არის ის, რომ როდესაც დადგება ეს დღე და ჩვენ წარვდგებით უფლის წინაშე, აღმოჩნდება რომ არასწორად ვცხოვრობდით. აღმოჩნდება რომ ჩვენი სული ცარიელია, მადლის გარეშეა, ჯეროვნად არ ვიღვაწეთ და იმიტომ რომ, მთავარი აზრი ამ ცხოვრების (დღევანდელი სახარება ამას გვაჩვენებს ჩვენ), არის სიყვარულში, თანაც ქმედით სიყვარულში და არა მხოლოდ ემოციურ სიყვარულში, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ თავი დავდოთ მისთვის. არა მხოლოდ იმისთვის, ვინც ჩვენი ახლობელია და ვინც ჩვენ გვიყვარს, არამედ ყველასთვის. ყველა მოყვასია, ყველა, ვისაც ჩვენ ვჭირდებით, ყველას, ვისაც სჭირდება დახმარება და სიყვარული და აი დღეს, სახარებაში სწორედ უფალი მოგვითხრობს ჩვენ რაში მდგომარეობს ეს სიყვარული, რომ მოყვასის მსახურებას, მოყვასისადმი გამოვლენილ სიყვარულს უფალი იესო ქრისტე აიგივებს თავის თავთან, მის მსახურებასთან, მის სიხარულთან აიგივებს. და აი ჩვენ რომ იქ წავდგებით, მაშინ მივხვდებით იმას რომ ჩვენ შეგვეძლო, გვქონდა ამის დრო რომ, გვყვარებოდა ღმერთიც, გვყვარებოდა მოყვასიც, როგორც უფალი გვასწავლის, გვყვარებოდა საკუთარი თავიც მართებულად, როგორც ამას ასევე გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ დაგვენახა საკუთარ თავში სიდიადე ჩვენი ხატებისა და მსგავსებისა, ღმერთის ხატებისა. სიდიადე ჩვენი მოწოდებისა, როგორც ამბობს პეტრე მოციქული რომ ჩვენ ვართ მოწოდებულნი რომ საღვთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.

 

მსგავსი თემები