„ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან რამდენიმე საათი გამქრალია“ – ადვოკატები ვაკის პარკის ტრაგედიაზე

ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიის საქმეზე პროკურატურის თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით ბრალდებულთა ადვოკატები განცხადებას აკეთებენ. როგორც ადვოკატები განმარტავენ, ეს საქმე არ არის ობიექტურად გამოძიებული და ბრალდებულთა უფლებები დარღვეულია.

კომპანია ,,გრინსერვის +”-ის ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს ბრალდებულების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და სასამართლოზე  ზემოქმედებას.

„გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ შადრევნის პროექტის შემსრულებელმა კომპანია „გრინსერვისმა“ შადრევნის საჭირო მოწყობილობები და ტექნიკა შეიძინა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდისგან იმ პირობით, რომ ტექნიკა დამონტაჟდებოდა, ექსპლოატაციაში გაეშვებოდა და შემდგომი გარანტია იქნებოდა. მონტაჟი განახორციელა ქარხნის წარმომადგენელმა წესების შესაბამისად და ამ შადრევანმა 3 თვე იმუშავა. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ გადადგა არცერთი ნაბიჯი ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად, რაც წარმოუდგენელია. ამის გარეშე გამოძიება ობიექტური ვერ იქნებოდა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები გამოძიებას ჩატარებული არ აქვს. წარმოუდგენელია, ამ ექსპერტიზის გარეშე დადგინდეს კავშირი შესრულებულ სამუშაოსა და მომხდარ ტრაგედიას შორის“ , – განაცხადა ადვოკატმა „მდიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატები, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ამტკიცებენ, რომ გამორიცხულია, სამუშაოების შესრულებისას ობიექტზე დაზიანება მომხდარიყო.

„ჩვენი მტკიცებულებების მიხედვით, გამორიცხულია, რომ 2 სექტემბერს სამუშაოების შესრულების დროს ობიექტზე რაიმე დაზიანება მომხდარიყო. დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები, რასაც ძირითადად, ბრალდების მხარე ამ დრომდე ეყრდნობა, არის გაყალბებული და შედგენილია კოპირების პრინციპით. ტრაგედიის წინა დღეს, 12 ოქტომბერს და წინა პერიოდში, ელექტროდენი შადრევანში არ ჟონავდა. ვიდეოკამერების ჩანაწერები კონკრეტულ პერიოდში 12 ოქტომბრის საღამოს გაურკვეველი მიზეზებით ჩამწერ მოწყობილობაში არ აღმოჩნდა. შესაბამისად, გაუგებარია ვის მიერ და რა მანიპულაციები ხორციელდებოდა ამ პერიოდში ელექტროსადენებზე“ – აღნიშნეს ადვოკატებმა მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა კომპანია “გრინსერვის+”ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.

 

მსგავსი თემები