„დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას მიაწვდის შორი მანძილის იარაღს“ – პრემიერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის,  რიში სუნაკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას შორი მანძილის იარაღს მიაწვდის.

„მომავალი თვეების განმავლობაში, ჩვენ ერთად მივაწვდით უკრაინას იმაზე მეტ აღჭურვილობას, ვიდრე 2022 წელს. ჩვენ ერთად დავეხმარებით უკრაინას, რომ დაიცვას თავისი ქუჩები რუსული ბომბებისა და ირანული დრონებისგან. სწორედ ამიტომ,  დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას მიაწვდის შორი მანძილის იარაღს“ – აღნიშნა პრემიერმა მიუნხენის კონფერენციაზე.

პრემიერის შეფასებით, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

„დიდი ბრიტანეთი მზად არის, დაეხმაროს ნებისმიერ ქვეყანას, მიიღოს ის თვითმფრინავები, რომლებსაც უკრაინელები მიიღებენ ახლა. უნდა გადავამზადოთ უკრაინელი პილოტები, რათა გამოიყენონ ყველაზე მოწინავე თვითმფრინავები. იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მშვიდობა, ჩვენ უნდა ავაშენოთ საერთაშორისო წესრიგი, რაზეც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება დგას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა აგოს რუსეთმა პასუხი ბუჩაში, ირპენსა და მარიუპოლში ჩადენილი ომის სასტიკი დანაშაულებების გამო. რუსეთმა ასევე პასუხი უნდა აგოს საშინელ განადგურებაზე, რომელიც სახეზე გვაქვს“ – აღნიშნა რიში სუნაკმა.

 

მსგავსი თემები