„პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, ეს საფრთხე იქნება ჩვენთვისაც“ – იენს სტოლტენბერგი

„ეს ომი არის არამხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური გამოწვევა“ – აღნიშნა  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციაზე. მისი შეფასებით, პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, ეს საფრთხე იქნება მსოფლიოსთვის.

„პუტინის გამარჯვება არამარტო ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, ეს საფრთხე იქნება ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ეს იქნება გზავნილი, თუ გამოიყენებ ძალას, მიაღწევ სასურველ მიზანს, ამიტომ ეს ომი არის არამხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური გამოწვევა. პეკინი აკვირდება მიმდინარე გამოწვევას და უკრაინა თუ დამარცხდება, ეს აისახება სამომავლოდ ჩინეთის გადაწყვეტილებებსა და გათვლებში. ამიტომ ეს არის გლობალური და არა რეგიონული გამოწვევა“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე შეფასებით, ვილნიუსის შეკრება უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

„ხუთ თვეში შევიკრიბებით ვილნიუსში. ამ სამიტის წარმატება იქნება უკრაინისთვის მხარდაჭერის დადასტურება. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება ვილნიუსში. ეს იქნება ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების დადასტურება. არის კიდევ ერთი საკითხი, რაც წარმატებას გამოხატავს და ეს არის ალიანსის გაფართოება. ძალიან აქტიურად ვმუშაობ და იმედი მაქვს, ვილნიუსის სამიტისთვის უკვე დავასრულებთ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცესს და უკვე ორი ახალი ალიანსის წევრი გვეყოლება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები