„სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა არასასიამოვნო იყო“ – მინისტრი კლინიკების შემოწმების შედეგებზე  

ჯანდაცვის მინისტრმა  დეპუტატებს ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო. ზურაბ აზარაშვილის შეფასებით, სამედიცინო დაწესებულებებში ვითარება არასასიამოვნოა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ჯგუფები 120-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ შესულები, თუმცა სამწუხაროდ, სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა არასასიამოვნო იყო. ამ კუთხით, რამდენიმე კლინიკაში ორჯერ ან სამჯერაც იყვნენ შესულები. ვფიქრობ სისტემური მიდგომით საბოლოო შედეგს მივაღწევთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მან სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში  პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო პერიოდამდე არ იწყებენ მოქმედებას, ამიტომ შუალედური პირობა ჩავდეთ – კლინიკები არ დაელოდებიან 2025 წელს და 2023 წლის ბოლოს ვალდებულები არიან თვითშეფასების ეტაპი დასრულებული  ჰქონდეთ, სულ მცირე, კონტრაქტი წარმოადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა შემდეგ 2024 წლის ბოლოს გადავადება არ ითხოვონ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მსგავსი თემები