„ყველა ქალაქი, სოფელი და დასახლება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ნიშნავს მძევლად აყვანილ ადამიანებს“ – ზელენსკი

„ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, კრემლმა უკვე დაარწმუნა ირანის რეჟიმი. ამის შედეგი არის არა მხოლოდ ლეტალური, ირანული დრონები უკრაინის ცაზე, არამედ რაღაც, რაც რუსეთმა ამ დრონების მისაღებად გადაიხადა“ – მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან.

პრეზიდენტის შეფასებით,  რუსეთს ახალ-ახალი სანქციები უნდა დაუწესონ.

„დარწმუნებული ხართ რომ ეს მხოლოდ ფულია? თუ შეიძლება, მსოფლიომ მიიღოს გამდიდრებული ურანის მქონე ირანის რეჟიმი. დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჩვენგანს არ სურს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და სპარსეთის ყურეში ეს გამოცადონ. ვიდრე ჩვენ ვკარგავთ კვირებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შევათანხმოთ, ტერორისტი სახელმწიფო ეძებს გზებს, რათა უკვე არსებულ შეზღუდვებთან ადაპტაცია შეძლოს. სად ვიხილავთ რუსეთის ამ უკანონო შემოსავლის შედეგს? ამას ვიხილავთ კრემლის მცდელობაში, მოისყიდოს თქვენი პოლიტიკური სისტემა და საერთაშორისო ისტიტუტები, ასევე მცდელობაში, რომ მოახდინოს თქვენი სოციალური ცხოვრების დესტაბილიზაცია და ვიხილავთ დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომელიც თქვენი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. ასევე, სიტუაციის ესკალაციაში იმ რეგიონებში, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.

მისი შეფასებით, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, სხვა ალტერნატივა მსოფლიოს არ გააჩნია.

„ყველა ქალაქი, სოფელი და დასახლება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რჩება, ნიშნავს მძევლად აყვანილ ადამიანებს. შეიძლება, ხალხი იყოს კომპრომისის საგანი? პასუხია – არა. უნდა გავათავისუფლოთ უკრაინა და ევროპაც, რადგანაც როდესაც რუსეთი იარაღს ჩვენ გვესვრის, მას უკვე ჰყავს მიზანში ამოღებული ჩვენი მეზობლები. შეიძლება, ევროპა იყოს კომპრომისის საგანი? არა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები