საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, Wizz Air-ის რეისის – ქუთაისი-ბერლინის 87 მგზავრს, რომლებმაც გაფრენა ვერ მოახერხეს, ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლა შესთავაზეს, თუ დამატებით 300 ლარს გადაიხდიდნენ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე 87 მგზავრიდან 85-მა ბილეთი უკვე გადაცვალა.
,,ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ, გზებზე შეფერხებების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან. ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ, რომ „ვიზეარი“ დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა.