,,სისხლის სამართლის დამნაშავის ლეგიტიმაცია ევროპული ქცევა არ არის”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე ევროპარლამენტარი ცდილობს, სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს. მისივე თქმით, ცრუ დილემების მიზანია, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან გათავისუფლდეს.

„რამდენიმე ევროპარლამენტარი საჯაროდაც ამბობს, საჯაროდაც ცდილობს, რომ სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს. სწორედ ეს არის ცრუ დილემების შექმნა, თითქოს არჩევანი არსებობდეს სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის. ასეთი არჩევანი არ არსებობს. ეს არის ცრუ დილემა, რომელიც პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რათა სახელმწიფო, ქართველი ხალხი ცრუ არჩევანის წინაშე დააყენონ, თითქოს არსებობს ორი გზა, როგორც ზღაპრებში – ერთ გზაზე წახვალ, დაიღუპები, მეორე გზაზე – გადარჩები. ასეთი დილემების მიზანი არაკეთილსინდისიერია – მიხეილ სააკაშვილის დახსნა სასჯელისგან.

მიხეილ სააკაშვილს სასჯელი 2018 წელს მიესაჯა, 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ. 2018 წლიდან მოყოლებული, 2018, 2019, 2020, 2021 წლების განმავლობაში თითქმის სრულად თავისუფლად გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ევროპარლამენტარებთან, ზოგიერთთან ჰქონდა შეხვედრები და როგორც უკრაინის მოქალაქეს, უკრაინის თანამდებობის პირს ესაუბრებოდნენ საქართველოზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. რა თქმა უნდა, მისი ქცევა წახალისებული იქნა იმით, რომ დამნაშავეს ართმევდნენ ხელს და ეს უკვე მორალური განზომილებაა. ხელს ართმევდნენ და სააკაშვილი თავს დაჯერებულად თვლიდა, რომ მას ჰქონდა უფლება, შემოპარულიყო საქართველოში და აერია სიტუაცია. არათუ პირისპირ, ეს საჯაროდაც მითქვამს ყველასთვის. როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავეს აძლევ ლეგიტიმაციას, ასე ვთქვათ, სალონური შეხვედრებით, კონფერენციებზე, სემინარებზე და სხვა ასეთ ღონისძიებაზე მიწვევით, ეს თავისთავად არ არის ევროპული ქცევა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები