,,გვჭირდება  ძალიან ბევრი წარმატებული ქალი და ყველა მიმართულებით ნამდვილი პროფესიონალები”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კონფერენცია „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ გახსნა და „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა“ და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებული კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტის თქმით, ენერგეტიკა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მომავლის დარგია და ქალთა ძალიან აქტიური ჩართულობა, ამ მომავლის დარგში, მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, გიმასპინძლოთ აქ, ორბელიანების სასახლეში, თქვენ, ქალ სპეციალისტებს, ექსპერტებს, პროფესიონალებს, სტუდენტებს.

ენერგეტიკა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მომავლის დარგია და ქალთა ძალიან აქტიური ჩართულობა, ამ მომავლის დარგში, მნიშვნელოვანია.

ჩვენ ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო მეტად სწორედ ამ დარგში გვჭირდება, რადგანაც ეს სპეციალობები ნელ-ნელა დავკარგეთ. იწყება ისეთი პერიოდი და ეპოქა, როცა უფრო მეტი პროფესიონალიზმი იქნება საჭირო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონისათვის, ამას ხაზგასმა არც სჭირდება რამდენად მნიშვნელოვანია დღეს და მნიშვნელოვანი იქნება ეს ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის. ჩვენი ევროპასთან კავშირების იმ გზაზე, რომელზეც ვდგავართ და საითკენაც მივდივართ. გვჭირდება  ძალიან ბევრი წარმატებული ქალი და ყველა მიმართულებით ნამდვილი პროფესიონალები.

აქვე მინდა, ორბელიანების სასახლის დანიშნულებასაც გავუსვა ხაზი. სწორედ აქ უნდა გაიმართოს ასეთი შეხვედრები და ეს ადგილი უნდა იყოს, რათა ერთად გაიაზროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი და ამ ჩვენს მომავალში თქვენი ჩართულობა.

მინდა, გისურვოთ წარმატებული დღე და გისურვოთ წარმატებული მომავალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

მსგავსი თემები