,,ცინიზმია, დევნილი უწოდო ადამიანს, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, ხოლო საქართველოში შემოპარვას, დაბრუნება სამშობლოში”- შალვა პაპუაშვილი

,,ცინიზმია, დევნილი უწოდო ადამიანს, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, ხოლო საქართველოში შემოპარვას უწოდო დაბრუნება სამშობლოში,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არასწორ ინფორმაციებს მოიცავს.

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ, ასევე საქართველოზე თავდასხმად. წინა რეზოლუციებშიც ბევრი შეცდომა, უზუსტობა და დეზინფორმაცია იყო. ამ შემთხვევაშიც, ამ რეზოლუციის პირველივე წინადადება სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი საკუთარი სამშობლოდან, არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რა არის ჩვენი უახლოესი ისტორია.

უახლოესი ისტორია არის, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცა საქართველოდან, ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ის ბრალდებულად ცნო დანაშაულებში. გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგმა პირდაპირ დაადო ხელი მიხეილ სააკაშვილს და ქართულმა სასამართლომ მიუსაჯა შესაბამისი სასჯელი. ასევე, გელაშვილის ფაქტზე შესაბამისი სასჯელი აქვს და კიდევ სამი საქმე მიმდინარეობს, განხილვაშია.

ყველამ, მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერში და შემოიპარა საქართველოში. ეს ხომ არ არის მარტო ის ისტორია, რომელიც ჩვენ, ქართველებმა ვიცით. ამიტომ, ცინიზმია, დევნილი უწოდო ადამიანს, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, ხოლო საქართველოში შემოპარვას უწოდო დაბრუნება სამშობლოში. ეს არის ქართველი ხალხის მიმართ იმ დამოკიდებულების ჩვენება, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და არა საქართველოს მეგობრები, რომლებიც მზად არიან საქართველოს, მათ შორის ევროპული მომავალი ერთ ადამიანს გადააყოლონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

„რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიზნებს, ჰუმანიტარული მიზნით სასჯელის გადავადების ინსტიტუტი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. უბრალოდ ასეთი რამ არ არის. ჯანმრთელობის მიზნით არსებობს. ჰუმანიტარული როგორც ვხვდები, რაღაც სხვა განზომილებაა. შეიძლება, ადამიანის მიმართ შეცოდების გრძნობა გქონდეს, რაც შეეხება სასჯელის ჯანმრთელობის მიზნით გადავადებას, ამაზე იყო სასამართლო პროცესი, რომელიც თვეზე მეტი გაგრძელდა. ერთ-ერთი ყველაზე ღია პროცესი იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ყველა მტკიცებულება, რაც  წარმოდგენილი იყო. აქედან როგორც სასამართლომ, ისე საზოგადოებამ გამოიტანა დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უნდა მოხდეს თუ არა სასჯელის გადავადება. დასკვნა გამოიტანა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით და ქართულმა საზოგადოებამ თავისი ქცევით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ის არ მიდის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე. ქართულმა საზოგადოებამაც სასამართლოს ყურების შედეგადაც დაასკვნა, რომ გადავადების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები