ირაკლი ღარიბაშვილი იმ დროს წავიდა თანამდებობიდან, როცა ამას არ ველოდით – სოსო ჯაჭვლიანი

პარლამენტის ყოფილი წევრ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იმ დროს წავიდა მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან, როცა ამას საზოგადოება ყველაზე ნაკლებად ელოდა და ბუნებრივად ჩნდებოდა კითხვები.  

როგორც სოსო ჯაჭვლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი მიესალმება ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

​მისი შეფასებით, ღარიბაშვილი ახალგაზრდა, ენერგიული კაცია და მან უზარმაზარი პრაქტიკა მიიღო, იმ წლების განმავლობაში, როცა ქვეყნის მთავრობის მეთაური იყო, ის ხისტი განცხადებებით გამოირჩეოდა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს, მართლა თავის სახელს დაარქმევს. კოჰაბიტაციაზე როცა მიდიოდა ლაპარაკი, ბიძინა ივანიშვილს ამით ჰუმანური ნაბიჯის გადადგმა სურდა. პირადად მე, “ნაციონალებთან” არასდროს შევალ კოჰაბიტაციაში, მაგრამ ხომ არის მომენტი, როცა ადამიანს გინდა რომ შეუნდო, გზაზე დააყენო? ეს სურვილი ჰქონდა ივანიშვილსაც. იმათი პატიება, ვისაც  სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, შეუძლებელია, მაგრამ, ყველას ხომ ვერ დაიჭერ? 2012-დან 2016 წლამდე, უმრავლესობის არც ერთი დახურული შეხვედრა არ ჩატარებულა, რომ ჩემი აზრი არ დამეფიქსირებინა, თან ძალიან მკაცრად. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, როგორც ჩანს, ისე არც “ნაციონალები”. უამრავი შემთხვევა მქონია ცხოვრებაში, როცა ადამიანებისთვის ბევრი რამ მიპატიებია, მაგრამ შემდეგ მინანია. ირაკლი ღარიბაშვილი, ამ ხნის განმავლობაში, ძალიან ხისტ განცხადებებს აკეთებდა მათი მისამართით, ვინც დანაშაულს ჩადიოდა. ის იმ დროს წავიდა თანამდებობიდან, როცა საზოგადოება მის შესახებ კითხვებს სვამდა – თუ ასეთი წარმატებული პრემიერი იყო, რატომ გაუშვეს? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა და როგორ მოხდა. ძალიან კარგია რომ თქვა ივანიშვილმა – ყველას თავისი ადგილი უნდა მივუჩინო-ო. ნათესავი ნათესავია, მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას იკავებს. ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე – 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი თემები