ენტონი ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ჩავა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბლინკენი ჯერ ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ეწვევა, სადაც პირადად იხილავს თურქეთისთვის გაწეული ამერიკული დახმარების შედეგს, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსა და სხვა თურქ მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ისინი სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნისთვის შემდგომი დახმარების გაწევასა და ორი ქვეყნის პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

,,ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ეწვევა, რათა უშუალოდ დაინახოს აშშ-ის ძალისხმევა, დაეხმაროს თურქეთის ხელისუფლებას 6 თებერვლის მიწისძვრით გამოწვეული სტიქიის დასაძლევად”- განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 35 418 ადამიანი, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 5 814-ს შეადგენს.

 

მსგავსი თემები