„ვეკითხები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვისაც ნამდვილად აქვს სურვილი ევროინტეგრაციის, ეს დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ, ეს მიდგომები მისაღებია?“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის  განმარტებით, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად ასრულებს 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრულ რეკომენდაციებს, არავის აქვს უფლება, ხაზი გადაუსვას ყველაფერს და მოითხოვოს „კრიმინალის“ გათავისუფლება.

„მოგვცეს 12 პუნქტიანი გეგმა და აქაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს დათქმები შესრულდეს და სტატუსი მივიღოთ. ამ დროს რა ხდება? – ამ დროს გამოდის ვინმე კუბილიუსი და გვეუბნება, რომ თუ სააკაშვილი, რომელიც არის კრიმინალი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაც სტრასბურგმაც დაადასტურა ეს, არ იქნება გათავისუფლებული, ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს. მე ვეკითხები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვისაც აქვს სურვილი ევროინტეგრაციის, აი, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები მისაღებია?  ჩვენ თავმოყვარეობა ხომ გაგვაჩნია? ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ხომ გვიყვარს? თუ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შანტაჟის ენით ესაუბრებიან, აშანტაჟებენ, მისაღებია? მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს არცერთი თავმოყვარე მოქალაქე არ მიიღებს ამ ლექსიკით საუბარს, რასაც ე.წ. მეგობრები აკეთებენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის  განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მომავალშიც სწორედ ამ პრინციპით იმოქმედებს.

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი. ვიცავდით, ვიცავთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და ყოველთვის ამას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ საინტერესო ქვეყანა ვართ ევროპისთვის და თავს ვთვლით ევროპელებად. ამასთან, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის ტრადიციები, ის ღირებულებები, რაზეც საუკუნეებია ჩვენი ქვეყანა დგას. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილებები, ეს აბსურდული, შეურაცხმყოფელი განცხადებები აზიანებს ყველაფერს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები