„ამ რეზოლუციას არ აქვს ფასი, ჩალის ფასი აქვს“, – კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით მედიასთან შეფასება კახა კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს.

„ამ რეზოლუციისგან არაფერს ახალს და არაფერს განსხვავებულს არ ველოდი და შედეგი მართლაც იგივეა. არაფერი სიახლე რეზოლუციას არ აქვს, არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს. როდესაც სიცრუეზე, სიყალბეზე და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებით არის საუბარი, ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, სერიოზული სახე ვერ ექნება. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს  იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია.

დოკუმენტი ვერ იქნება ღირებული, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან. დოკუმენტი ვერ იქნება ღირებული, როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს… დღესაც ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას, მაგრამ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ მიცემასთან დაკავშირებით. ეს გააკეთეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ“ – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დღეს რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში, ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საუბრობს მის საზღვარგარეთ მკურნალობასა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე.

 

მსგავსი თემები