კიევმა გადმოგვცა კრემლის გეგმა, რომლის მიზანიც მოლდოვაში სახელმწიფოს გადატრიალებაა – მაია სანდუ

   მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. მაია სანდუს თქმით,  დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კრემლი მოლდოვაში დივერსანტების ჩაყვანას რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან აპირებდა. “ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მომზადების მქონე პირების მონაწილეობით. ისინი გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის თავდასხმებს ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტზე და მძევლების აყვანას”, – განაცხადა მაია სანდუმ. მისივე თქმით, რუსეთი მოლდოვაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საფარქვეშ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას გეგმავს და ამ მიზნით გარკვეული შიდა ძალების გამოყენებასაც აპირებს.