,,ვიცავდით ქართულ ღირსებას, ამიტომ დავხვდით მდინარაძეს და დავხვდებით ყველას, ყავასაც ვერ დალევენ კაფეებში”- ნიკა ნარსია

,,მდინარაძეები ესხმიან თავს ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ გუშინ გავეცით პასუხი და კიდევ გავცემთ პასუხს, ყავასაც ვერ დალევენ კაფეებში, ამას ვპირდებით,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა, ნიკა ნარსიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ქართულ ღირსებას იცავდნენ.

„ჩვენი თვითმიზანი არ არის აქციები, მაგრამ სხვა გამოსავალს არ ტოვებს ხელისუფლება. ამიტომ ვართ აქციებზე, ამიტომ დავხვდით გუშინ მდინარაძეს, რომელმაც განცხადება გააკეთა იმის ფონზე, როდესაც ზელენსკის ხვდებოდნენ ინგლისის ლორდთა პალატაში. მთელ მსოფლიოში ხვდებიან, იხუტებენ გულში, მთელი ემოციებით ხვდებიან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ დროს მდინარაძე ამბობს, რომ რუსეთი მიიწევს წინ. ჩვენ გუშინ ვიცავდით ქართულ ღირსებას, ამიტომ მივედით, დავხვდით და დავხვდებით ყველგან. ეს ადამიანები ემსახურებიან რუსეთს, ამიტომ ჩვენ თუ არ გავეცით პასუხი, ქვეყანა დაიღუპება და დავრჩებით ბნელ მხარეს. ჩვენ ვიბრძვით ნათელ მხარეს, მხარს ვუჭერთ ზელენსკის, უკრაინას. ამერიკის შეერთებული შტატები, აქეთ ევროპა გვეხვეწება, 12 პუნქტი შეასრულეთ და კარი ღიააო, მაგრამ ეს ადამიანები ხელს გვიშლიან ევროპულ განვითარებაში, ჩვენ ამას არ მოვითმენთ.

ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეზე თავდასხმა, ჩვენ გუშინ მივედით მშვიდობიანად, მაგრამ თვითონ წამოვიდა გინებაზე და დაგინებაზე. მდინარაძეები ესხმიან თავს ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ გუშინ გავეცით პასუხი და კიდევ გავცემთ პასუხს, ყავასაც ვერ დალევენ კაფეებში, ამას ვპირდებით. სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ქართული სახელმწიფოს დაზიანებას თუ გააგრძელებენ, აბსოლუტურად ყველგან დავხვდებით“, – განაცხადა ნიკა ნარსიამ.

მსგავსი თემები