მოსაწყენი სამშენებლო ღობე მოხატეს – ფოტოკოლაჟი

თბილისის ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი „ლეჩკომბინატის” ტერიტორიაზე შემოვლებული, მოსაწყენი სამშენებლო ღობე, ე.წ სტრიტ-არტის სტილში მოხატეს. 

როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, მშენებლობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ხოლო დიდი ხნით სამშენებლო ღობის ყურება – მოსაწყენი, ამიტომ გადაწყვიტეს, ღობე სამომავლო პარკის იდეის თემატიკით მოეხატათ.

“იმედი გვაქვს, ყველას ერთად მოგვეწონება და გავხალისდებით, სტრიტარტის ხელოვნებით”, – წერია “ლეჩკომბინატის” ფეისბუქგვერდზე. 

აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკისა და მუზეუმის მოწყობა იგეგმება. 

“ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა საზოგადოებრივ პარკს, რაც ჩვენი აზრით ქალაქის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან სასარგებლო შედეგს მოიტანს. ტერიტორიის წინა ნაწილში, ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს, სადაც დატოვებულია ძველი შენობის ფრაგმენტი, განთავსდება ხელოვნების გალერეა/მუზეუმი, ხოლო ტერიტორიის უკანა მხარეს მოეწყობა 4 სართულიანი, მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილი იქნება წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიებით”, – აცხადებენ შპს „ლეჩკომბინატი №1“-ში. 

კომპანიამ ესკიზური პროექტი, თბილისის მერიაში, 2018 წლის თებერვალში შეიტანა.  


მსგავსი თემები