საქართველო „კლუბური ნარკოტიკის“ ქსელის გამოვლენაზე მეზობელ ქვეყნებთან ერთად მუშაობს

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებით გამოძიებაში  მეზობელი სახელმწიფო, თურქეთი და ევროპული ქვეყნები არიან ჩართულები, რადგან ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ტრაფიკი სწორედ იქიდან მოდის.

“ ეს საგამოძიებო მოქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენის, რომლის დიდი იმედიც გვაქვს. აქ ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო. აქ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რადგან ძირითადი ტრაფიკი „კლუბური ნარკოტიკის“ სწორედ იქიდან მოდის. ეს არის ძირითადად ჩვენი მეზობელი პარტნიორი ქვეყნები და ევროპელი პარტნიორები, საიდანაც ძირითადი ტრაფიკი მოდის. ჩვენ მართლა გვქონდა და გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ ყველაფერმა მიიღო სისტემატური სახე და ეს სისტემური პრობლემაა. ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის გარკვეული ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯაჭვი, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში მივყავართ ფატალურ შედეგამდე. სხვა მოტივი ჩვენ არ გაგვაჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ იმის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, იყოს გამოყენებული, როგორც ეფექტური ნარკოვაჭრობის პლატფორმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბებში ჩატარებული ჩხრეკით დისკომფორტი  70 – მაქსიმუმ 100 ადამიანს შეექმნა,   თუმცა, გაცილებით დიდია სარგებელი, რომელიც შს სამინისტროს მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა მოიტანა.

“ის რომ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 – მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა უნდა ყოფილიყო და არის ერთმნიშვნელოვნად ბევრად უფრო მეტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი თემები