ქართველმა მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ.

,,60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს.

ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.

სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით”,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები