ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქციები დააანონსა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა  საგანგებო ბრიფინგზე საპროტესტო აქციები დააანონსა.

ხაბეიშვილი მოსახლეობას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” აქციებით უახლოეს მომავალში მთელ საქართველოს მოიცავს.

„გთავაზობთ გეგმას: ხვალ, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი. დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ, დააფიქსიროთ პროტესტი.

ასევე, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში – 13:00 საათზე, პარალელურ რეჟიმში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ვგულისხმობ მერიას და გამგეობას, გაიმართება სოლიდარობის აქციები. ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც, მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ.

ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში – 13:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქციები.

შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები