,,არ ვიცი არცერთი პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელებში, უვარდებიან ოთახებში”- ირაკლი კობახიძე

,,არ ვიცი არცერთი ცივილიზებული პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელიდან ფლიგელში, უვარდებიან ოთახებში,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ”არ უნდა შეუვარდე ადამიანს, რომ არ უნდა გაეკიდო, ეს ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული”.

„მწვავე კითხვების დასმა ჟურნალისტებს ახლაც შეუძლიათ, არავითარი შეზღუდვა ამ კუთხით არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარე იყო ამის ინიციატორი, ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ და რეალურად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, არის მინიმალური რეგულაციები დაწესებული. ევროპაში ან თუნდაც კონგრესში რა რეგულაციები მოქმედებს, ჩვენს რეგულაციებზე ასჯერ უფრო მკაცრი რეგულაციები არსებობს. რეალურად, ჩვენ არ გვაქვს მკაცრი რეგულაციები, ეს არის მინიმალური რეგულაციები დადგენილი, რათა ელემენტარული ჩარჩოები არსებობდეს. არავის ეზღუდება კრიტიკული ფორმით კითხვის დასმის საშუალება. ამ კუთხით ნული შეზღუდვა არის დაწესებული.

ოთახში რომ არ უნდა შეუვარდე ადამიანს, რომ არ უნდა გაეკიდო, ეს ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

დამერწმუნეთ, უამრავ პარლამენტში ვარ ნამყოფი. არ ვიცი არცერთი ცივილიზებული პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელიდან ფლიგელში, უვარდებიან ოთახებში და ა.შ. საუბარია ამ ელემენტარულ, ცივილიზებულ სტანდარტებზე. ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია ქართული დემოკრატია და ქართული კულტურა, მათ შორის პოლიტიკური და მედია კულტურა – ყველაფერი თანდათანობით განვითარდება და ვიდრე მივალთ იმ დონემდე, სანამ რეგულაციები არ გახდება საჭირო, ელემენტარული, მინიმალური რეგულაციებით შეგვიძლია უზრუნველვყოთ ცივილიზებული ურთიერთობები. მაგალითად, მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ვიდექი, ყველა კითხვას, რომელიც აქ დაისვა, გავეცი პასუხი, მერე კონკრეტული ჟურნალისტი გამომეკიდა, ფლიგელიდან ფლიგელში მომდევდა, როცა შეეძლო, რომ მშვიდად დაესვა შეკითხვა, როდესაც ვიდექი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები წესდება.

მსგავსი თემები