„ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არის ერთი ჯოხის ორი სხვადასხვა ბოლო, ყოველდღიურად დასტურდება“- ანა ბუჩუკური

„ძირითადი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი ორივე მხარის მიერ, ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობას“, რომელსაც  სათავისოდ, იდეალურად იყენებს „ქართული ოცნება“ –  აბსოლუტურად ამოვარდნილია იმ რეალური საჭიროებებიდან და გამომწვევებიდან და რაც რეალურად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს.  ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არის ერთი ჯოხის ორი სხვადასხვა ბოლო, ყოველდღიურად დასტურდება“, – ამის შესახებ ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა დეკემბერში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი განწყობების კვლევაზე. მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ამ კვლევის შედეგებში, ძირითად, თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გაამახვილეს ყურადღება და არავის აღუნიშნავს ჩვენი მოქალაქეების რეალური წუხილი და დამოკიდებულება სოციალური და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„იმის პარალელურად რომ პრემიერი ღარიბაშვილი საკუთარ მოსახლეობას ადუღებულ ეკონომიკაზე ესაუბრება რეალურად, მოქალაქეთა უმეტესობა ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს და ჩვენი ქვეყნის ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად სწორედ, ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს. პრემიერი ღარიბაშვილი აგრძელებს ადუღებულ ეკონომიკაზე საუბარს, მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს. ყოველი მეხუთე ოჯახი ამბობს, რომ მას საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. გამოკითხულთა ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს,  რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადებისთვის საკმარისი ფული არ ჰქონია. მართალია ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკა დუღს, მაგრამ საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ამბობს, რომ მას უნდა ამ ქვეყნიდან წასვლა. ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ ყოველ მესამეს ახალგაზრდას სურს საქართველოდან წასვლა. მე არ ვიცი რით შეიძლება ვიამაყოთ ამ დარბაზში ნებისმიერ მხარეს მსხდომმა ადამიანებმა, როდესაც პარალელურად, ყოველი მესამე ახალგაზრდა ფიქრობს რომ, ის ვერ ხედავს პერსპექტივას საკუთარ სამშობლოში, საკუთარ ქვეყანაში და უნდა ემიგრაციაში წასვლა. ეს არის ტრაგედია. ამ ყველაფრის ფონზე ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი საკუთარ თავზე მოირგოს და მეორე მხრივ, კი „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ამაში, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია ისაუბროს იმ მძიმე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან ჩვენი მოქალაქეები. თუმცა, აქ ვართ ჩვენ და ჩვენ ვაძლევთ პირობას ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ბერკეტს, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დიახ, ზუსტად იმ საკითხებზე იმუშაოს პარლამენტმა, რაც რეალურად აწუხებს მათ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 

 

მსგავსი თემები