,,დადგა დრო გაბრაზების”- „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას ოფიციალურად წყვეტს – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე,  პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ”ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სასამართლო ფიქცია და პოლიტიკური შურისძიების იარაღია”.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, გაფორმდა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ მკვლელობის აქტი. სასამართლოს დამოუკიდებლობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვტილებებით იზომება. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ფიქციაა და პოლიტიკური შურისძიების იარაღი.

საზოგადოებამ იხილა პოლიტიკური შურისძიებით ინსპირირებული სამივე ხელისუფლების მიერ შეთანხმებული სისტემური დანაშაულებრივი მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ეს არის რუსული რევანში საქართველოს წარმატების სიმბოლო მიხეილ სააკაშვილზე, ეს გადაწყვეტილება არის  საქართველოს ევროპული პესეპქტივის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი დასავლელი პრტნიორები სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანური, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინებს უკავშირდება საქართველოს ევროკავშირის კანდიდტის სტატუსს.

ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისთვის და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს არც პლენარულ სხომებზე დასწრებას, არც საკომიტეტო მოსმენებზე და მონაწილეობას აღარ მივიღებთ არანაირ საპარლამენტო ფორმატში.

იმავდროულად, ფრაქცია და პარტია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ, საუბარია მანდატების დატოვებაზე. კონსულტაციები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან საპრლამენტო და გარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, ჩვენ, ფრაქციას მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, ამ მიმართულებით პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმები გამოვიყენოთ.

ახლა დადგა დრო გაბრაზების, ახლა დადგა დრო პროტესტის, ახლა დადგა დრო ბრძოლის. ყველას მოვუწოდებ, დღეს 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი თემები