კობა ნარჩემაშვილი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება

საპარლამენტო ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” დაშლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი წევრი, შს ექსმინისტრი კობა ნარჩემაშვილი ფრაქციის გარეშე რჩება. ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი “პატრიოტთა ალიანსს” უერთდება, ბექა ნაცვლიშვილი ფრაქციას და უმრავლესობას გაემიჯნა, შესაბამისად ფრაქციაში 6 წევრი აღარ დარჩა, რათა “სოციალ-დემოკრატების” ფრაქცია შენარჩუნებულიყო. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა, ​ის არ აპირებს შეუერთდეს “პატრიოტთა ალიანსს” ან, რომელიც სხვა ფრაქციას, შესაბამისად დამოუკიდებლად განაგრძობს მოღვაწეობას. 

“რადგან ის ფრაქცია დაიშალა, რომლის წევრიც მე ვიყავი, არ ვაპირებ მეც ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” შევუერთდე, შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლად განვაგრძო მუშაობა. სამომავლოდ რა იქნება, როგორც გადანაწილდებიან დეპუტატები და რა ფრაქციები შეიქმნება, დრო გამოავლენს. ის რომ გია ჟორჟოლიანი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” შეუერთდა, არ ნიშნავს, რომ ფრაქციის ყველა წევრი პატრიოტებთან გადავა. ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია”, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.. 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში, ბოლო პერიოდში მიმდინარე ცვლილებების შედეგად საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა, არ არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა, დაიშალა ფრაქცია “სოციალ-დემოკრატები” და სავარაუდოდ, დაიშლება ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველები”, რომელთაც ერთი წევრი გამოაკლდათ. ახალი ფრაქციის შექმნას გეგმავს ეკა ბესელიას ე.წ გუნდი. 

მსგავსი თემები