,,საქართველოში, ალბათ, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი“ დომინანტი გახდება”- ბიძინა კულუმბეგოვი ”მედიაცენტრ მთავარში”

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი – „კრაკენი“ სავარაუდოდ, დომინანტი გახდება.

მისი თქმით, კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.

„კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში ჩაანაცვლებს „კრაკენი“ BA4-BA5 შტამს და დომინანტი გახდება.

„კრაკენს“, როგორც დამოუკიდებელ შტამს, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილი არ აქვს, თუმცა, ვაქცინებისადმი ეფექტურობა მკვეთრად არის შემცირებული.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას, 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური, ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არცერთი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რათა ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ. ლოკალური ექსპერტების ინფორმაციით, 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და 300 ჰოსპიტალიზებულია. ჩვენი საწოლფონდის გათვალისწინებით, ჰოსპიტალში მყოფი 300 პაციენტი ცოტა არ არის,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვა ”მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები