ბავშვებზე ძალადობაა, როცა ბანკი მათ საცხოვრისს ართმევს და ქუჩაში აგდებს – ემზარ კვიციანი

​პარლამენტში მიმდინარე ცხრა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც “ბავშვთა უფლებათა” კოდექსის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ბავშვის ყველაზე მთავარი უფლებაა ჰქონდეს საცხოვრისი, დღეს კი, ქვეყანაში, ბანკების გამო, უამრავი ბავშვია საცხოვრისის გარეშე დატოვებული, რაზეც ხმას არავინ იღებს.  

ემზარ კვიციანის თქმით, კანონპროექტში უნდა დაკონკრეტდეს, რა ითვლება ბავშვებზე ძალადობად, ბავშვებისთვის ზედმეტი თავისუფლება დამღუპველია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის შენიშვნის მიცემის გამო სკოლებიდან მასწავლებლებს ათავისუფლებენ.

კვიციანის თქმით ბავშვს თავისი უფლებები დაბადებისთანავე აქვს. კერძოდ, უფლება აქვს, მშობლებს უსმინოს, შეასრულოს მათი მითითება, მოუსმინოს მასწავლებელს და შეასრულოს მათი ყველა დავალება სწავლის პროცესში. უფლება აქვს, მოუსმინოს მოძღვარს და ილოცოს მშობლებისთვის, მეგობრებისა და სამშობლოსთვის. ასევე, იმარხულოს და ეზიაროს. მაგრამ ყველაზე მთავარი უფლებაა ჰქონდეს საცხოვრისი.  

“ძალიან დიდი უბედურებაა, როცა ბანკების მიერ, უამრავი ბავშვია საცხოვრისის გარეშე დატოვებული. ამასთან დაკავშირებით ხმას არავინ იღებს და ყოველდღე პანტაპუნტით ყრიან ბავშვებს საცხოვრებლიდან. უნდა იყოს დაკონკრეტებული, რა არის ბავშვებზე ძალადობა. შენიშვნა თუ არ მიეცა ბავშვს და ცოტა მკაცრად არ გაიზარდა, არა მგონია, მისგან რამე დადგეს ნორმალური. როდესაც ზედმეტი თავისუფლება დამღუპველი ხდება ბავშვებისთვის, ეს ქვეყნისთვისაც დამღუპველია. ბავშვებზე ძალადობა რას ნიშნავს მაინტერესებს, რა ითვლება ძალადობად, ეს დავაფიქსიროთ ბოლოს და ბოლოს”, – განაცხადა კვიციანმა.

მსგავსი თემები