მშვენიერ მდგომარეობაში ვარ, სიმართლეს ხმამაღლა ვამბობ, კულისებში არ ვლაპარაკობ – მამუკა ხაზარაძე

“თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არ აპირებს თანაგრძნობის გამომხატველი კომპლიმენტების მიღებას, რადგან მიაჩნია, რომ მშვენიერ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან სიმართლის ხმამაღლა საუბარი შეუძლია და მმართველი გუნდისა წევრებთან კულისებში გარიგებები არ უწევს.  

როგორც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იგი ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს, მაშინაც კი, თუ ეტყვიან, – აქ ზედმეტი ხარო.

“პირდაპირ ვამბობ, ამ ქვეყნიდან არსად წავალ. იმიტომ არ ვარ აქ, რომ დაეხმაროთ მამუკა ხაზარაძეს. კომპლიმენტი ითქვა დარბაზიდან, ვწუხვართ ასეთ მდგომარეობაში რომ ხართო. ძალიან მშვენიერ მდგომარეობაში ვარ, ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ არასდროს, იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობ ხმამაღლა და გუნდის წევრებთან კულისებში არ ვლაპარაკობთ“, – განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ მისი მიზანი არ არის ოპოზიციის გულის მოგება. 

მამუკა ხაზარაძე გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, პრესკონფერენციებით ნუ ცდილობს მის დაშანტაჟებას და თუ საქმე ფულის გათეთრებას ეხება, დაასაბუთონ ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ დაუშვებს ამ საქმის არგამოძიებას და მის თაროზე შემოდებას, როგორი პრაქტიკაც საბჭოთა ეპოქაში არსებობდა.  

“ეს არის საბჭოთა „კაგებეშნიკური“ პრაქტიკა. ვიღაცას ლაფს დაასხამ და მერე მიდის გამოძიება, იდება თაროზე და ადამიანებს არ აქვთ საშუალება პასუხი გასცენ, ან ამბობენ, რომ სახელმწიფოს ვერ მოერევი, რადგან ადამიანი პატარაა, ეს უნდა შეწყდეს. თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საკითხს, ეს არის დარტყმა საქართველოზე და მის სამომავლო პერსპექტივაზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ქართულ ბიზნესში რწმენა არის დაკარგული, იმის გამო, რომ ოთახებსა და კულისებში მიიღება გადაწყვეტილებები. ხოლო იმის თქმა, რომ ცხრა წლის წინათ უფრო რთული ვითარება იყო ქვეყანაში, მისთვის მიუღებელი არგუმენტია.

როგორც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, ის ნანობს, რომ ერთ-ერთ დახურულ შეხვედრას ესწრებოდა; იგი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ერთმანეთს თვალებში უყურონ და გულწრფელად ილაპარაკონ.

მსგავსი თემები