„პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით“ – მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს აცხადებს. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი ვერ იქნება პასუხისმგებელი პატიმრის მხრიდან თვითდაზიანებაზე.

„როდესაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, მას სპეციალური პენიტენციური სამსახური, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი მიხეილ სააკაშვილს ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობისკენ, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნური გაუარესებისკენ. შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შევთავაზეთ, რაზეც მან უარი თქვა. ის გამოძიებას საშუალებას არ აძლევს, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აიღონ. ეს იმის მანიშნებელია, რომ მხარე სიმართლის დადგენით არ არის დაინტერესებული“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

რატი ბრეგაძის თქმით, პენიტენციური სამსახური და მედპერსონალი პასუხისმგებელია მხოლოდ თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე.

„მასი და მის დაცვის მხარეს შევთავაზეთ, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოეყვანათ, თუმცა მხარე ამ შეთავაზებასაც არ გამოხმაურებია. მოვლენათა განვითარების ეს ჯაჭვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას ისახავს მიზნად. ჩვენ, პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო პერსონალი, შეიძლება პასუხისმგებლები ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადოდ შესრულებაზე, მაგრამ პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით. პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა და სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზირება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები