მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის მიზეზი არ არსებობს

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაიყვანენ. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რეანიმაციაში გადაყვანის ობიექტური მიზეზები არ არსებობს. მისივე თქმით, ექიმს არ ეძლევა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა.

„პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, როგორც ყველას კარგად მოეხსენება, საზოგადოებისთვის არახალია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი კერძო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან. ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება.

ზემოთ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები. კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში“ – განაცხადა მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

 

მსგავსი თემები