,,თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს”- გია ვოლსკი სააკაშვილზე

,,თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს!”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო ხდება, ბოროტული პიარ-გეგმის ნაწილია.

,,როგორ შეიძლება მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიდიოდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი მკურნალობას არ ექვემდებარება – ის უარს აცხადებს არა მხოლოდ მკურნალობაზე, უარს აცხადებს ექსპერტიზაზე და უფრო მეტიც, გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია, რამდენიმე დღეა შიმშილობს და რასაკვირველია, ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება სხვა ძვალიც გამოუჩნდეს. მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი ერთ დიდი კალათაში იკრიბება, რომელსაც პიარ-თაღლითობა ჰქვია. ამაში უშველებელი თანხაა გადახდილი, ხოლო გადახდილი თანხის სანაცვლოდ იბეჭდება სტატიები იმის შესახებ, რომ ადამიანი მოწამლულია. აქედან გამომდინარე, რეალური სურათი შეიძლება აბსოლუტურად სხვა იყოს. მოსამართლის გადასაწყვეტია, რამდენად კომპეტენტურია დასკვნები, რომელიც განსახილველად დევს. აქ პოლიტიკური კარნახი ვერ იქნება. მეშინია კიდეც, რაიმე ისეთი განცხადება არ გავაკეთო, რომ სასამართლოზე ზეწოლა დამაბრალონ, რისი რესურსიც პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები