,,რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე”- ამირან გამყრელიძის წერილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას წერილებით მიმართავს.

როგორც ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა,  გამყრელიძე თამარ გაბუნიასგან განმარტებას ითხოვს, თუ რა დანაშაული მიიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე.

“წერილი რაც გამოვგზავნე 29-ში და გთხოვეთ განმარტებები:

მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ვფიქრობდი ამ მგრძნობიარე საკითხზე მომეწერა თუ არა წერილი და ჩამეყენებინა თუ არა საქმის კურსში ცენტრის თანამშრომლები.

გადავწყვიტე რომ მაინც დიახ, რადგან როგორც ბიბლიაშია „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება”.

კარგა ხანია მაქვს ინფორმაცია, რომ თურმე დიდი ვნებათაღელვაა ცენტრში ჩემს საკონსულტაციო მუშაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტებში, რომელთა მოზიდვასა და განხორციელებაში, მოგეხსენებათ, გარკვეული/პატარა წვლილი მიმიძღვის გასული 10 წლის განმავლობაში.

თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე (საუკეთესო მაგალითია ჰეპატიტის ელიმინაციის სათანამშრომლო ცენტრის დაფუძნების ცერემონიალი სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა), რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით, მგონი მალე შემთხვევით შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა.

მიუხედავად იმისა რომ სამინისტროდან, ცენტრიდან და სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია იმ მოსაზრებების შესახებ რომლებიც აქტიურად განიხილება და რომლითაც ცდილობენ ჩემი სახელის დისკრედიტაციას (რომ თურმე ცენტრში არაფერი არ კეთდებოდა ჩემი დირექტორობის დროს, წესრიგი მორღვეული იყო, რომ დირექტორი არ ზრუნავდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასა და კეთილდღეობაზე, არ უქმნიდა მათ სათანადო სამუშაო პირობებს, ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს და გრანტებში ჩასასმელად თვითონ არჩევდა ადამიანებს და ა.შ., არ ვიცი კიდევ რას დამაბრალებთ, რას გაწვდება კიდევ ზოგიერთების უკიდეგანო ფანტაზია) და სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თქვენი ქცევა გარკვეულად უნისონსშია წინა აბზაცში ნათქვამთან, მე მაინც არ მინდა დავიჯერო რომ ეს სიმართლეა, რადგან ჩემი ცხოვრებითა და განვლილი გზით ჯანდაცვის სფეროში, ასევე ჩვენი პირადი ურთიერთობებით, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ დამიმსახურებია.

გთხოვთ ოფიციალურად მომწეროთ ცენტრთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება რათა დროულად მოვაგვარო სხვა მასთან დაკავშირებული ყოფითი საკითხები.

ასევე გთხოვთ ოფიციალურად განმიმარტოთ რატომ ხდება ასე, ანუ:

1. რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე. თუ არის ასეთი მიუთითეთ ფაქტები.

2. რატომ არის ჩემთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც „კეთროვანთან“.

3. როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი პოლიტიკა ჩემს მიმართ. გაითვალისწინეთ რომ ასაკით თქვენზე ბევრად ხნიერი ვარ და უფრო ხანგრძლივი სამუშაო თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, საქმე მქონია სხვადასხვა ჯურისა თუ მრწამსის პოლიტიკოსებთან თუ მოხელეებთან, მათ შორის ვინც ღიად თუ არაპირდაპირ მიპირისპირდებოდნენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ არა ასეთი ბინძური და შეურაცმყოფელი მეთოდებით. თავისთავად მე თვითონ მსგავსი არასდროს არ მიკადრია და არც გამიფიქრებია როცა თქვენნაირ თანამდებობეზე გახლდით. გაუფრთხილდით მთავარს ცხოვრებაში – ღირსებას და ნუ შელახავთ მას მერკანტილური და დროებითი ინტერესებით.

გირჩევთ გაეცნოთ ამონარიდს საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პიროვნების შეგონებებიდან:

“ყველაფერი რაც გაქვთ დროებითია. სხვებს არაფრით ჯობიხართ. თქვენი დღევანდელი მდგომარეობა შემთხვევითობის შედეგია. დრო გააქრობს თქვენს ფულს, თანამდებობას, კარგ მანქანას, სახლებს და ყველაფერს რაც მატერიალურია…მთავარი ადამიანობა, ღირსება, სიყვარული და კაცობაა. მათ ვერაფერი წაგართმევთ. ეს არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ” /გელა ჩარკვიანი/

ვიცი, რომ ბევრ რამეში ოფიციალურად არ დამეთანხმებით (გულში არ ვიცი), ბოდიშს გიხდით თუ ამ ტიპის კომუნიკაციით ცოტა გული გატკინეთ, მაგრამ მეც ძალიან შეურაცყოფილი ვარ, ისე როგორც არასდროს და ვფიქრობ არ ვიმსახურებდი. გისურვებთ ყველას ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულს, გამარჯვებებსა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ

პატივისცემით, ამირან გამყრელიძე პირველი თებერვალი, 2023 წ” – ნათქვამია ამირან გამყრელიძის წერილში.

მსგავსი თემები