ვის ხარჯზე გადარჩება ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი”, დღის ბოლოს გახდება ცნობილი

საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი” არ იშლება, თუმცა იმას, თუ როგორ შეინარჩუნებენ პატრიოტები ფრაქციას, დეპუტატი გიორგი ლომია არ აკონკრეტებს. ასევე, არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ფრაქციის შესანარჩუნებლად მოლაპარაკება მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” წევრ კარლო კოპალიანთან მიმდინარეობს. ​

​როგორც ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფრაქციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას დღის ბოლოს, 17:00 საათისთვის გააკეთებენ.

“ამ ეტაპისთვის, მხოლოდ იმისი თქმა შემიძლია, რომ ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი” არ იშლება, ფრაქცია შენარჩუნებულია. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ დეპუტატ კარლო კოპალიანთან ჩვენს ფრაქციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ჯერ ცაიტნოტში არ ვართ, ფრაქციის შესანარჩუნებლად დრო გვაქვს. ბოლო წუთებს არ ველოდებით. ​ფრაქციისდან გასვლის შესახებ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადება ბიუროზე ჯერ არ შესულა. როცა შევა, იქიდან დაიწყება ერთკვირიანი ვადის ათვლა”, – განაცხადა გიორგი ლომიამ “მთავარში”.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსს” დაშლის საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ფრაქციიდან გასვლა დააანონსა. ფრაქციის შესანარჩუნებლად 6 წევრია საჭირო. ჭიჭინაძის გასვლის შემთხვევაში, ფრაქციაში 5 დეპუტატი რჩება: ​ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია და გელა მიქაძე.

მსგავსი თემები