,,დღეიდან უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ”- ლევან ხაბეიშვილი

,,დღეიდან უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ყოფილკანდიდატებს მეგობრობის ხელს უწვდის.

„ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გაყოფა შეუძლებელია. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს, ვინც პოლიტიკური ნიშნით იხდის სასჯელს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს დებს და ძმებს უკრაინაში. უკრაინა ჩვენს გულშია და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ლვოვიდან ხარკოვამდე და კიევიდან ოდესამდე. ჩვენ ვართ მათ გვერდში მყარად, ქართველი ხალხი უკრაინელი მეგობრების გვერდითაა.

ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს; ნონას და მის მხარდამჭერებს; გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს – მე დღეს გიწვდით მეგობრობის ხელს. ჩემი მთავარი ამოცანაა, გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ გზაზე უკომპრომისო ბრძოლა გველის, ამიტომ დროა, ხელები დავიკაპიწოთ და გადავერთოთ მთავარ საქმეზე. ბიძინას და მის მარიონეტებს კი მინდა ვუთხრა, რომ მათ თავზე ნამდვილად მოიყარა თავი შავმა ღრუბელმა და ქართველი ხალხი უახლოეს პერიოდში ამ რისხვას თავს დაატეხს რუს ოლიგარქს და მის მარიონეტულ, კრიმინალურ რეჟიმს. ეს გამარჯვება ეკუთვნის სამშობლოდან დროებით გადახვეწილ ჩვენს ემიგრანტებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ არჩევნებში და მათ მონაწილეობა უდიდესია. მათ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თქვენს სახლებში დაბრუნდეთ.

ეს გამარჯვება ეკუთვნის თელავში ბატონ დავითს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს; ეს გამარჯვება ეკუთვნის აჭარაში ბატონ შაქროს, რომელსაც სოციალური დახმარების პრობლემა აქვს – უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში მოუხსნეს; ეს გამარჯვება ეკუთვნის ლაშას ზესტაფონში, რომელიც სახელმწიფომ მიატოვა და ებრძვის უსამართლობას; ეს გამარჯვება ეკუთვნის ახალგაზრდებს, რომელთა უდიდეს ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს სწავლის გადასახადი.

დღეიდან უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ხელს ვუწვდი თანამშრომლობისთვის ჩვენს მეგობრებს. ახლა ზეიმს არ ვაპირებთ, ვიზეიმებთ მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდება რუსი ოლიგარქიული რეჟიმისგან, პრეზიდენტ სააკაშვილთან, ნიკა გვარამიასთან და სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები