,,მიხეილ სააკაშვილს აქვს მძიმე კახექსია”- ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი

ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკური კახექსიის გამოვლინება აქვს. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დადგეს მისი სიკვდილი, თუკი სათანადო მკურნალობა არ გაეწევა, მოწმემ უპასუხა – „დიახ, შესაძლებელია”.

„პაციენტი მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით არის მძიმე. ტერმინ „მძიმეში“ ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი – იმის გამო, რომ პაციენტის წონის კლება მიდის ინტენსიურად, ადგილი აქვს ფაღარათს, გულისრევას და მთელ რიგ კლინიკურ სიმპტომებს, შესაძლებელია, განვითარდეს მალაბსორბცია და კახექსია. 28 ნოემბერს გამოცემულ დასკვნაში მხოლო და მხოლოდ ამ ფორმით და ამ დოზით იყო ეს ორი ტერმინი გამოყენებული. ჩვენ გამოვთქვით ეჭვი და შევაფასეთ რისკი, რომ თუკი ასეთი წონის კლება გაგრძელდებოდა, შესაძლებელია, განვითარებულიყო მალაბსორბცია და მალაბსორბციის შედეგად კახექსია. გავიდა ორი თვე და მოგვეცა საშუალება გავცნობოდით 12 დეკემბრიდან- 18 იანვრის ჩათვლით სამედიცინო ჩანაწერებს, რის საფუძველზეც, 28 ნოემბრის დასკვნებში დავამატეთ 2 ახალი პუნქტი და ზოგიერთი დასკვნა გავაფართოვეთ. ნამდვილად, ჩვენ დღეს საქმე გვაქვს კლინიკურ მალაბსორბციასთან და კახექსიასთან. როცა ის მოხვდა ციხეში, მისი წონა იყო 115 კგ, დღეს პაციენტის წონა არის 69 კგ, წონის განსხვავება არის 45 კგ. ეს 45 კგ საწყისი წონის 39.3%-ია. რატომ იკლებს პაციენტი წონაში, დღეს უკვე ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დადგა ფაქტი, როცა ჩვენ გვაქვს წონის ისეთი ხარისხის კლება, რომელსაც ავტომატურად ეწოდება კახექსია, მძიმე კახექსია.

ყველა გაიდლაინით წონის 30%-ზე მეტის კლება არის კახექსია. არ აქვს მნიშვნელობა სჯა-ბაასს, ჩვენ გვაქვს ნამდვილად კახექსიური მდგომარეობა!“ – განაცხადა ენდოკრინოლოგმა ლალი ჯავაშვილმა.

მსგავსი თემები