სოფლის გზაზე სამუშაოების უხარისხოდ ჩატარების გამო გამგებლის მოადგილე დააკავეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო, სახელმწიფოსთვის 346 953 ლარის ზარალის მიყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, გამგებლის ყოფილი მოადგილე ხ.გ. დააკავეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხ.გ.-მ, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ევალებოდა სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება, რაც მან კეთილსინდისიერად არ შეასრულა.  

მათივე ინფორმაციით, 2014 წლის 6 ივნისს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს “ტობემ”  სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს. სამუშაოს პროცესში დეფექტებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, ტექნიკურმა ზედამხედველმა არაერთხელ მიმართა წერილობით გამგეობას და აცნობა, რომ სამუშაოები ხარვეზით და პროექტის დარღვევით ჩატარდა.

გამგებლის მოადგილემ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ტექნიკური ზედამხედველის დადებითი დასკვნის არარსებობის პირობებში, შპს „ტობეს“ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტები გაუფორმა. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად, შესაძლებელი იყო ღირებულების ანაზღაურება და შედეგად შემსრულებელს ჩაერიცხა თანხა.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურებულია, რომ შესრულებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უხარისხოა. გამგებლის მოადგილის ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, მატერიალურმა ზიანმა კი 346 953 ლარი შეადგინა.

მსგავსი თემები