„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და ამავდროულად, უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია.

„ქვეყანაში არსებობს 55 ათასი კურსდამთავრებული, მათი 80% კი უმუშევარია. ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“ პროფესიულ სასწავლებელში. მათ უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პროფესიული სწავლების შემთხვევაში თავი ირჩინონ, მომავალი უზრუნველყონ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფესიული სასწავლებლების აღჭურვა მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით, ამ კურსის დასრულების შემდეგ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დასაქმდეს და ირჩინოს თავი.

ჩვენ გვაქვს ისეთი პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ათობით სპეციალისტს ამზადებენ, მაგრამ მოთხოვნაა გარკვეულ მიმართულებებზე, ეს არის ტურიზმი, მშენებლობა, მედიცინა. დღეს უჭირს სამშენებლო ბიზნესს, უჭირს მედიცინას, სადაც არც სანიტარია და არც ექთანი, ეს კადრებია დღეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, პრობლემა სწორედ ის არს, რომ ბიზნესის გამოწვევა და გადამზადების პროგრამები თანხვედრაში ვერ მოდის.

„პრობლემა პრობლემად რჩება, წლები მოგვიწევს ამაზე საუბარი და საკითხი მსგავსი მიდგომებით ვერ გადაიჭრება. ძალიან დიდი თანხა იხარჯება უაზროდ. გვაქვს პროფსასწავლებლები, რომელიც ათობით სპეციალისტს ამზადებს. მოთხოვნა კი გარკვეულ მიმართულებებზეა. ამ მიმართულებით ვაკანსიები არის, კადრი კი – არა. უნდა მოხდეს თანხვედრა კერძო სტრუქტურისა და სახელმწიფოსი და ასევე მთავარია ფულის სწორად ხარჯვა. ბაზარზე როცა კონკრეტული მიმართულებით მოთხოვნა არ არის, კურსდამთავრებული ისევ დაუსაქმებელი რჩება,  თანხები კი ტყუილად გადაყრილი“ – აღნიშნა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“   

 

 

 

მსგავსი თემები