,,გადაადგილების პრობლემა კოვიდდაავადებამდეც ჰქონდა”- ზურაბ ჩხაიძე

სააკაშვილის ფიზიოლოგიური პარამეტრები, თერმოდინამიკული, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, კოვიდინფექია შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაადგილების პრობლემა მიხეილ სააკაშვილს კოვიდდაავადებამდეც ჰქონდა.

„მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილს 24 იანვარს დაუდგინდა კოვიდინფექცია. აღენიშნებოდა კოვიდდაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, გადამოწმდა „პისიარ“ ტესტით და დადგინდა კოვიდინფექციის არსებობა. კონსულტირებულია სხვადასხვა სპეციალობის ექიმების, მათ შორის ინფექციონისტის მიერ, არაერთხელ შედგა კონსილიუმი. კოვიდის მიმდინარეობას რაც შეეხება, მიმდინარეობს შედარებით მსუბუქი ფორმით, ვინაიდან მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, თერმოდინამიკული მაჩვენებლები, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ყველაფერი შეფასდა კონსილიუმის მიერ და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა პალატაში.

გადაადგილების პრობლემა მას კოვიდდაავადებამდეც ჰქონდა. თვითონ სუბიექტურად აღნიშნავს ზოგად სისუსტეს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ამიტომ ის გადაადგილდებოდა დამხმარე საშუალებების გამოყენებით.

გრძელდება სტანდარტული მკურნალობა, რაც უტარდებოდა მას კოვიდამდე და ის, რაც მას მოცემულ ეტაპზე სჭირდება. განსაკუთრებული ცვლილებები კოვიდინფექციის შედეგად, არც ლაბორატორიული, არც სუბიექტური და არც ობიექტური მონაცემებით მას არ აღენიშნება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი თემები